დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ სადაზღვევო სისტემაში კორუფციული გარიგების დიდ შესაძლებლობაზე ისაუბრა.
აბაშიძის თქმით, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების, სადაზღვევო კომპანიებიდან ბითუმად შესყიდვის მექანიზმი თავის თავში ობიექტიურად მოიცავს კორუფციული გარიგების შესაძლებლობას.
"ქვეყანაში შემუშავებული არაა სამედიცინო სტანდარტების 80%. აქედან გამომდინარე, რეალურად სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს სადაზღვევო კომპანიების მედიკამენტოზური მომსახურების ხარისხსა და ფასს. მედიკამენტების წარმოება, იმპორტი და დისტრიბუცია მონოპოლიზებულია, რის გამოც შეუძლებელია სახელმწიფომ ისინი გააკონტროლოს,"_აღნიშნა აბაშიძემ.
მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიების მიერ აშენებული საავადმყოფოები, რეალურად ბიუჯეტის თანხით, ანუ მათ მიერ მიღებული "ზემოგებიდან" ფინანსდება.
"თავისუფალი დემოკრატები" მერიის სოციალური დაცვისა და კულტურის სამსახურს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს სადაზღვევო კომპანიების მიერ ბენეფიციართა მომსახურეობის ხარისხის შესწავლა და მიღებული შედეგები გაეცნოს საზოგადოებას. (ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ ეტაპზე მერიის მხრიდან 12 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის).
ამასთან, "თავისუფალი დემოკრატები" მოითხოვენ, დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ სამუშაო გეგმაში შეიტანოს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მონიტორინგი.
ამასთან, კორუფციული პირამიდის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია გამოვლენილი. ამდენად, ისინი მაკონტროლებელი ორგანოების სამომავლო ნაბიჯებს ელიან.
შეგახსენებთ, ამ დღეებში კონტროლის პალატის მასალების საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ და ფინანსურმა პოლიციამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელები და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები დააკავა.