ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურს "საბაზე" განაცხადების მიღების ვადა იწურება. მსურველებმა საკონკურსოდ წიგნები 20 თებერვლამდე უნდა წარადგინონ, ხოლო 1-ლი მარტიდან ჟიური მუშაობას შეუდგება.
ივნისის დასაწყისში ჟიური კონკურსის ფინალისტების სიას, ე. წ. "შორტ ლისტს" გამოაქვეყნებს, ხოლო "საბას" რიგით მე-9 დაჯილდოება ივნისის ბოლოს გაიმართება, სადაც 2010 წლის საუკეთესო წიგნების ავტორები საზეიმოდ დაჯილდოვდებიან.
პრემია "საბაზე" წიგნების წარდგენა შეუძლიათ როგორც გამომცემლობებს, ისე უშუალოდ წიგნის ავტორებს. იმ გამომცემლობებმა და ავტორებმა, ვისაც კონკურსზე განაცხადი ჯერ არ შეუტანიათ, ორგანიზატორებს 20 თებერვლამდე უნდა მიაწოდონ წიგნის სახელწოდება, ავტორი, გამომცემლობა, ნომინაციის დასახელება. აღნიშნული ინფორმაცის მიწოდება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო რეკვიზიტებზე: ფაქსი: 772 774, ელ-ფოსტა: pr@tbcbank.com.ge an saba@tbcbank.com.ge, მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 16, მე-7 სართული.
პრემიაზე განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), ასევე, უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი და ლიტერატურული კრიტიკის ნიმუშები.
ტრადიციულად, "საბა" გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო რომანი, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო თარგმანი, წლის საუკეთესო პიესა, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა, წლის საუკეთესო დებიუტი.
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი პრემიები გადაეცემათ. საპრემიო ფონდი შეადგენს 36 ათას ლარს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.