დღეს თბილისის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა. მერიის საქალაქო სამსახურმა საკრებულოს წევრი ნათელა მაჭავარიანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მიიწვია.
სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემები განიხილეს. მაჭავარიანმა მერიის მიერ დღის ცენტრების თანადაფინანსების აუცილებლობაზე ისაუბრა. მომავალ კვირას ქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომისიის სხდომაზე ნათელა მაჭავარიანი დღის ცენტრების დაფინანსებასთან დაკავშირებით ინიციატივას წარდგენს.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას განცხადებით, ამ საკითხებზე მოლაპარაკებები გაგრძელდება და კონკრეტულ შედეგამდე მივა.
შეგახსენებთ, 11 თებერვალს მაჭავარიანი ქალაქის მერიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრების თანადაფინანსებას მოითხოვდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვა ნათელა მაჭავარიანის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.