"ახალგაზრდა მემარჯვენეები" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით "ახლების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გამართეს.
"პრეზიდენტ სააკაშვილის შეკითხვას: ვინ არის ელიტური კორუფციის წარმომადგენელი? ჩვენ ვპასუხობთYდა ვაცხადებთ, რომ ეს არის კობა სუბელიანი. მოვითხოვთ მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რადგან სწორედ ამ სამინისტროს მიერ იქნა არამიზნობრივად გახარჯული ასეულობით მილიონი ლარი და საერთაშორისო დახმარება, რომელიც გამოყოფილი იყო დევნილთა დასახმარებლად", - აცხადებენ ახალგაზრდა "მემარჯვენეები".
მათი შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დახმარების ნაცვლად, გადაიქცა დევნილთა დევნის სამინისტროდ.
"ხელისუფლება ფაშისტური მეთოდებით უსწორდება მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დევნის მათ საცხოვრებელებიდან", - განმარტავენ ისინი.
ახალგაზრდები მოითხოვენ, დევნილთა სამინისტრო არა გორში, არამედ სოფელ ფოცხოში გადაიტანონ, "სადაც სამინისტროს მტკიცებით, დევნილთა კეთილმოწყობილი ცხოვრებისთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი".