"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოცემა "ინდიფენდენტისთვის" მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს შეაუგოს ქართველი ხალხი, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი.
"ბრიტანულ გამოცემა "ინდიფენდენტში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს პრზიდენტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მოიხსენიებს შემდეგი ფრაზებით: "ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაიკავა, არის "ქვების გროვა", რომელსაც ნულოვანი ღირებულება აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას შეტევისთვის (რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ) არ გამოიყენებენ". დიახ, საქართველოს პრეზიდენტისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო "ქვების გროვაა". მისთვის ჩვენი სამშობლო არის "ქვების გროვა". ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს შეგვაგუოს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აღარასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი",- განაცხადა ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ბურჯანაძის განცხადებით, "დემოკრატიული მოძრაობა" სააკაშვილისგან მოითხოვს, სასწრაფოდ განუმარტოს საქართველოს მოსახლეობას, ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს, რა არის მისთვის ფასეული, რა არის მისთვის სამშობლო, თუ აფხაზეთი და სამაჩაბლო "ქვების გროვაა".
"გვიპასუხოს სააკაშვილმა, საქართველოს კიდევ რომელი ნაწილები მიაჩნია "ქვების გროვად" და რომელი ნაწილების გასხვისებას აპირებს. თუმცა ნათელია, რომ მისთვის სამშობლო მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციაა", - აღნიშნავს ბურჯანაძე.
ბურჯანაძე ქვეყნის მოსახლეობას მიმართვას უგზავნის, რომ სანამ სააკაშვილს მთელი საქართველო მართლაც "ქვების გროვად" არ უქცევია, ამოიღოს ხმა და დაანახონ მსოფლიოს, რომ ქართველი ერი ღირსეული ერია.
"მივმართავ ომში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების დედებს, მოსთხოვეთ პასუხი პრესიდენტს - რატომ გაწირა ჩვენი ბიჭები თუ მიიჩნევდა, რომ სამაჩაბლო "ქვების გროვა იყო", - დასძენს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი.