"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი მოძრაობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი თქმით, მისი მოძრაობა არ აპირებს იმ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ს, კერძოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, "ქვის გროვად" მიიჩნევს.
"წელიწად-ნახევრის წინ შევიმუშავეთ ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების კონცეფცია. ამ კონცეფციაში ნათლადაა წარმოდგენილი, როგორ უნდა იყოს ქვეყანა სტრატეგიულად განვითარებული. კონცეფციაში ასევე ნათლად არის ქვეყნის უსაფრთხოების გეგმაც. არ ვითანამშრომლებთ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ქვეყნის 20 %-ს "ქვის გროვას" უწოდებს და მისთვის დაკარგულია", - განაცხადა ბურჯანაძემ მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა 15 თებერვალს პარლამენტში გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ.
კონცეფციის განახლებაზე მუშაობა კი პარლამენტში პარასკევს კომიტეტების ფორმატში დაიწყება. მასში მონაწილეობის მიღება არასაპარლამენტო ოპოზიციასაც შეუძლია.