საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური მსოფლიო ბანკის საგარეო პოლიტიკას ვერ წარმართავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის მიერ ოპოზიციონერი ლიდერების აშშ-ში დაგეგმილი შეხვედრების დაბლოკვის მცდელობაში დადანაშაულების კომენტირებისას აღნიშნა.
"მსოფლიო ბანკს მკაფიოდ ჩამოყალიბებული აქვს პრიორიტეტები, მოქმედების სტრატეგია და პოლიტიკა. არასერიოზულია იმის თქმა, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმართავდეს მსოფლიო ბანკის საგრეო პოლიტიკას, ვის შეხვდებიან მისი წარმომადგენლები და ვის არა. ამ ტიპის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უხერხულიც კი არის", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას ხელმძღვანელობს და შეუძლია მთავრობის შიგნით კოორდინირებული მუშაობა წარმართოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, გილაურს მსოფლიო ბანკის საგრეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ოპოზიციონერი ლიდერების აშშ-ში ვიზიტისას დაგეგმილი შეხვედრების დაბლოკვის მცდელობაში ადანაშაულებს.
"ვაშინგტონში გამოაშკარავდა, რომ სხვადასხვა პირს ჩვენი ქვეყნის პრემიერი პირადად ურეკავს და სთხოვს, ოპოზიციას არ შეხვდეთო. გამიკვირდა, როცა ვაშინგტონში მითხრეს, წინა ვიზიტისას, პირდაპირ პრემიერი ურეკავდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს და ეუბნებოდა, ცუდად იქნება აღქმული, თუ ოპოზიციის ლიდერს, ალასანიას შეხვდებითო", - აღნიშნავს ალასანია.