ოპოზიციის წარმომადგენლების კრემლთან მოლაპარაკებებია საქართველოსთვის საზიანო და არა აშშ-სთან ურთიერთობა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის მიერ ოპოზიციონერი ლიდერების აშშ-ში დაგეგმილი შეხვედრების დაბლოკვის მცდელობაში დადანაშაულების კომენტირებისას განუცხადა.
"საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებულ შტატებში ოპოზიციონერების შეხვედრების დაბლოკვა, ამის სურვილიც რომ ჰქონდეთ, რამდენად შესაძლებელი იქნება, წარმოდგენაც კი ძნელია", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
უმრავლესობის წევრის შეფასებით, აშშ-სთან ქართული ოპოზიციის ურთიერთობა არც ქვეყნისთვის, არც მათთვის და არც ხელისუფლებების საზიანო არ არის, რადგან ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
"რა თქმა უნდა, ჩვენთან ურთიერთობაში აშშ-ს სჭირდება მაქსიმალური ინფორმაცია და შეხვედრები, რომ აწონ-დაწონონ, საქართველოში ვინ რას რას წამოდგენს. ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ოპოზიციონერი ლიდერების აშშ-ში ვიზიტისას დაგეგმილი შეხვედრების დაბლოკვის მცდელობაში ადანაშაულებს.
"ვაშინგტონში გამოაშკარავდა, რომ სხვადასხვა პირს ჩვენი ქვეყნის პრემიერი პირადად ურეკავს და სთხოვს, ოპოზიციას არ შეხვდეთო. ძალიან გამიკვირდა, როცა ვაშინგტონში მითხრეს, წინა ვიზიტისას, პირდაპირ პრემიერი ურეკავდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს და ეუბნებოდა, ცუდად იქნება აღქმული, თუ ოპოზიციის ლიდერს, ალასანიას შეხვდებითო", - აღნიშნავს ალასანია.