"საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა პრეზიდენტის დავალებებს სწორად ვერ იგებენ", - აღნიშნული შეფასება პარლამენტში, "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა გააკეთა.
"სატყეო სფერო არის ერთადერთი, რომელსაც ვერ მოვუარეთ. 2005 წლიდან დღემდე მიდიოდა სატყეო სფერო იქით, რომ უნდა მოხდეს მისი დერეგულაცია, რასაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ჭკუასუსტობა" უწოდა და განაცხადა, რომ მხოლოდ საბჭოთა კავშირში არ რეგულირდებოდა არაფერი, საბაზრო ეკონომიკის შემთხვევაში ხალხის საკეთილდღეოდ ყველაფერი მკაცრად რეგულირდება. მაშინ პრეზიდენტმა მთავრობას ამ სფეროს რეგულაციის მექანიზმების გაზრდა მოსთხოვა. რაც პრემიერ-მინისტრმა და მისმა გუნდმა გააჟერა ნიშნავს, რომ მათ პრეზიდენტის დავალება რეგულაციების გაზრდასთან დაკავშირებით არასწორად გაიგეს, რადგან სამინისტროს ნაცვლად ჩამოყალიბდება მხოლოდ სახელმწიფო აპარატი და დანარჩენი ყველა ფუნქცია სხვადასხვა სამინისტროზე გადანაწილდება", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისი შეფასებით, აუცილებელია მთავრობაში გაიაზრონ, რომ გარემოს დაცვა - ეს არის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტი და ამ ტერიტორიების უპირველესი დანიშნულება ბუნებრივ პირობებში ბიოლოგიური მარვალფეროვანების დაცვაა და არ ტურიზმი, რომელიც ამ კუთხით მეასე ადგილზე დგას.
"გარემოს დაცვა არის ჰაერის, წყლის, ნიადაგის ხარისხის მონიტორინგი, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგის, სალიცენზიო პირობის დადგენა და ამ ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლი. თუ ამ ყველაფერს გამოაკლებ და მხოლოდ სახელმწიფო აპარატის დონეზე დატოვებ, ეს არა გარემოს დაცვის, არამედ წინ და უკან სიარულის სამინისტროდ გადაიქცევა", - განმარტავს მაჭარაშვილი.
მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო მხოლოდ იმიტომ ვერ გააუქმეს ბოლომდე, რომ საერთაშორისო ვალდებულებს ვერაფერი მოუხერხეს, თუმცა ეს როგორ აისახება ქვეყანაზე, არავის უფიქრია.