საქართველოს პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო საზოგადოებისთვის გარემოს დაცვის მიმართულებით მიცემული არცერთი დაპირება არ შესრულებულა.
ამის შესახებ დღეს პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან შეხვედრის დროს "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა განაცხადა.
"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებს შორის გარემოს დაცვის საკითხები სწორად არ არის აღქმული და ვერ ხვდებიან, რა მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ საკითხებს", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისივე შეფასებით, გაეროს მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის გარემოს დაცვასთან დაკავშირებით პოლიტიკური დაპირებების შეუსრულებლობის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება აღარც ისეთი დაპირებებს დაუჯერებს, როგორიც არის სააკაშვილის მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულება თავდაუსხმელობის შესახებ.
"როდესაც პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან დაპირებებს აკეთებს და შემდეგ მას სახელმწიფო არ ასრულებს, რატომ დაუჯერებს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას თავდაუსხმელობის შესახებ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს. მითუმეტეს, რომ ეს უფრო ძნელი შესასრულებელია და ინტერესიც ნაკლებია", - აღნიშნა მან.
ამასთან, გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტ სააკაშვილის კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონფერენციაზე დადებული პირობას ახსენებენ, სადაც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ საქართველო მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადავა და წიაღისეული საწვავი მთლიანად იქნება ამოღებული.
"არ გასულა ერთი თვე და ტყიბულის მაღაროს მფლობელმა კომპანიამ წარადგინა განაცხადი, რომ ახალ, ყველაზე დიდ, თბოელექტროსადგურს გააკეთებს, რომელიც ტყიბულის საბადოზე მოპოვებულ ქვანახშირზე იმუშავებს. ამით კი პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება დაირღვა", - დასძინა მაჭარაშვილმა.