"ახალი მემარჯვენეები" მზად არიან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ახალი ვერსიის შემუშავებაში ჩაერთონ.
"ჩვენი განცხადების ტექსტი დღესვე გაეგზავნება პარლამენტის თავმჯდომარეს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს. თუ წინადადებები მათთვის მისაღები იქნება, "მემარჯვენეები" მზად არიან რაიმე ფორმატით მიიღონ მონაწილეობა კონცეფციის ახალი ვერსიის შემუშავებაში", - განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება უშუალოდ განცხადებას, რომლის გაგზავნასაც "ახლები" დავით ბაქრაძისთვის აპირებენ, მასში დავით გამყრელიძის გუნდი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დღეს არსებული გამოწვევების ასახვას ითხოვენ.
"ახალი მემარჯვენეები" მოვუწოდებთ ერთის მხრივ საქართველოს პარლამენტს, და მეორეს მხრივ ეროვნული უშიშროების საბჭოს, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში მკაფიოდ აისახოს ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები (უმუშევრობა, მზარდი და უკონტროლო ინფლაცია, ეკონომიკური სტაგნაცია, პრაქტიკულად განადგურებული სოფლის მეურნეობა და ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო, ქვეყანაში არსებული მონოპოლიები და არაკონკურენტული გარემო, სახელისუფლებო წნეხის ქვეშ მყოფი ბიზნესი) და მათ საპასუხოდ მიმართული კონკრეტული ქმედებები. ასევე დამოუკიდებელი სასამართლოს, თავისუფალი მედიის და სამართლიანი არჩევნების გარანტიის შექმნის მექანიზმები", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ გამოწვევების რეალისტური დანახვა ხელისუფლებას საშუალებას მისცემს უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს და თავიდან ააცილოს მას ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება და ამით განპირობებული სოციალური აფეთქება და ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამავე დროს, მხოლოდ ძლიერი და ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის პირობებში შეიძლება ქვეყანაში არსებული კრიზისების დემოკრატიული მექანიზმებით განმუხტვა.
მაგრამ, ამავე დროს, „ახალი მემარჯვენეები" ვთვლით, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გრძელვადიანი დოკუმენტია, დღეს არსებული საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე კი აუცილებელია მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი გადაუდებელი ზომების მიღება, რათა დროულად მოხდეს დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილება.
"ამასთან, "ახალი მემარჯვენეები" კიდევ ერთხელ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ მოხდეს ჩვენი ანტიინფლაციური წინადადებების დაუყოვნებლივ რეალიზაცია. კერძოდ: 1. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვანი შემცირება. 2. გადასახადების შემცირების ტენდენციის გაგრძელება და მისი გაფორმება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით; 3. კონკურენციის ხელშეწყობა და ბიზნესის გათავისუფლება საპროკურორო და პოლიციური ტერორისგან; 4. ადგილობრივი წარმოების და პირველ რიგში სოფლის მეურნეობის განვითარების სტიმულირება ეკონომიკური ბერკეტებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები