რუსეთის შეტევის შედეგად, 16 აპრილის ღამეს ოდესაში 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 დაშავდა.
ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი ავრცელებენ.
„სამწუხაროდ, ღამის დაბომბვის შედეგების მიხედვით ოდესაში დადასტურებულია 9 ადამიანის დაღუპვა, კიდევ 23 ადამიანი დაშავდა... ადგილზე გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და შედეგების ლიკვიდაცია,“ - განაცხადა კიპერმა.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დარტყმების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლი ხაჯიბეის რაიონში. ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად რამდენიმე შენობაში დაიმსხვრა 300-ზე მეტი ფანჯარა.
ასევე დაზიანებები დაფიქსირდა პრიმორსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ პარკში. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
მოგვიანებით, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა, რომ ღამის თავდასხმის შედეგად ოდესაში დაზიანდა პორტის, კრიტიკული და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ობიექტები.
მისი თქმით, სულ მცირე სამ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში დაზიანებულია ფასადის კედლები და ფანჯრები, ასევე დაზიანდა საერთო საცხოვრებელი და მიმდებარე შენობები. დაბომბვის შედეგად ინფრასტრუქტურის ზოგიერთ ობიექტზე ხანძარიც გაჩნდა. მისივე განცხადებით, ამჟამად გრძელდება შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები.