გარემოს დამცავი არასამთავრობო ორგანიზაციები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების ასახვას მოითხოვენ.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა განაცხადა.
"2005 წელს გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა "უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შესახებ", სადაც ის გამოწვევებია ჩამოთვლილი, რომელიც მსოფლიო უშიშროებისა და უსაფრთხოების დაკავშირებით არის. დოკუმენტში საუბარია ექვსი კლასტერზე, რომელიც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემუქრება", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, გაეროს ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოსთვის ნომერ პირველ საფრთხეს სახელმწიფოთა შორის ომები, მეორეს - სამოქალაქო ომები და მესამეს - გარემოს დაცვა, ინფექციური დაავადებები და სიღარიბე წარმოადგენს.
"მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ჩამონათვალში ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღი და ა.შ. ამის გათვალისწინებით კი კარგი იქნება, რომ გარემოს დაცვის საკითხები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ადეკვატურად აისახოს", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.