სამხედრო საკითხებში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სიტყვა "მტერი" საერთაშორისო სამართლებრივი ფორმულირება არ არის, რის შესაბამისადაც, საქართველოს უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში ის რუსეთის მისამართით გამოყენებული ვერ იქნება.
"სიტყვა "მტერი" უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში გამოყენებული არ არის, რადგან ის საერთაშორისო სამართლებრივ ფორმილირებას არ წარმოადგენს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში საუბარია საფრთეებზე და ამ კუთხით რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაა შეფასებული, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე, სადაც ხდება მილიტარიზაცა", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, დოკუმენტში რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის ასახვა აუცილებელია, რის კონტექსტშიც, უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ ახალ კონცეფციას იწონებს.
"მე ვფიქრობ, რომ სწორია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეფასება, იმდენად, რამდენადაც რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მოახდინა სხვა ქვეყნის ოკუპაცია და ეს ოკუპაცია აღიარეს დასავლეთის ქვეყნებმა. ამიტომ ჩვენს კონცეფციაში ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამ სახით ფორმილირებული", - განმარტავს ექსპერტი.
რაც შეეხება, სხვა ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ მოსალოდნელ საფრთხეებს, ირაკლი სესიაშვილის აზრით, საქართველო, არც ერთ სხვა სახელმწიფოს სამხედრო საფრთხის მატარებელ ქვეყნად, არ განიხილავს.
"სამხედრო საფრთხე მხოლოდ რუსეთის მხრიდან არის მოსალოდნელი და სხვა ქვეყნის მიერ რაიმე სამხედრო აგრესიაზე საუბარი არ არის. საქართველო ამ კონცეფციით არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ განიხილავს და ეს უსაფრთხოების ახალ კონცეფციაშიც წერია. დოკუმენტის მიხედვით, დანარჩენ საფრთხეებს შორის საერთაშორისო ტერირიზმი, ჩრდილოეთ კავკასიიდან მომდინარე კონფლიქტების გადმოდინების რისკები და ზოგადად, გლობალური ტიპის საფრთხეები მოიაზრება", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს", რომლის შეფასებითაც, უსაფრთხოების შესახებ ახალ დოკუმენტში "საკმაოდ კარგადაა ჩამოყალიბებული ჩვენი ძალისხმევა, რომ კონფლიქტი და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით მოგვარდეს".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების ახალი კონცეფცია ექნება. უშიშროების ეროვნულმა საბჭომ დოკუმენტის პირველადი ვარიანტი უკვე შეიმუშავა.