დღეს, 16 თებერვალს, 19:00 საათზე, ელჩი ჯონ ბასი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლებს.
იწყება სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის მიერ ინიცირებული "სტრატეგიული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან".
ელჩი ბასი და მისი სტუმრები სახელმწიფო მდივანთან ვიდეოხიდში ჩაერთვებიან. ვიდეოხიდში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ფართო საზოგადოებას დიალოგისათვის თვალის მიდევნება შეუძლია "ფეისბუქის" საშუალებით შემდეგ მისამართზე: http://bit.ly/CONXlive.
"სტრატეგიული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან" ხაზს უსვამს აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების უფლებები მთელ მსოფლიოში. "სტრატეგიული დიალოგის" პირველი შეხვედრისას, სახელმწიფო მდივანი კლინტონი საზოგადოებას წარუდგენს სამი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს: სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ჰორმატსი "მართვისა და ანგარიშვალდებულების" სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე მაიკლ პოზნერი "დამოკრატიისა და ადამიანის უფლებათა" სამუშაო ჯგუფს გაუძღვება, ხოლო "ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის" ჯგუფს აშშ-ის საგანგებო ელჩი ქალთა უფლებების საკითხებში მელანი ვერვეერი ჩაუდგება სათავეში.
"სტრატეგიული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან" 18 თვე გაგრძელდება.