"წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ" წინააღმდეგობის მორიგი კომიტეტები ხაშურსა და ბორჯომში დააფუძნა. ღონისძიებას კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრები ნონა გაფრინდაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, ირაკლი ბათიაშვილი, ლუკა კურტანიძე, "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პარტია "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესწრებოდნენ.
კომიტეტების წარმომადგენლებმა ხაშურის კომიტეტის თავმჯდომარედ მურთაზ კიკნაძე, ხოლო ბორჯომის ამირან გოგალაძე აირჩეს.
ამავე რაიონებში ასევე შეიქმნა "შეფიცულთა" ჯგუფები, რომლებსაც ხაშურში ზაზა თევდორაშვილი, ხოლო ბორჯომში ვასილ გოგალაძე უხელმძღვანელებს.
კომიტეტების წევრებმა იმ წინააღმდეგობაზე ისაუბრეს, რომელსაც მათ ხელისუფლება ოფისების გახსნისას უწევს. ამასთან, გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ხელს შეუწყობენ 25 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით უკვე 28 წინააღმდეგობის კომიტეტია შექმნილი. კრების წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული კომიტეტები საქართველოს მოსახლეობას საყოველთაო დაუმორჩილებლობისთვის მოამზადებენ.