ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გაჩეჩილაძის ოჯახის ინტერესების დამცველმა კახა კუკავამ
განუცხადა, სასამართლო განხილვა "მალე უნდა დაიწყოს".
"სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. წესით, პროცესები მალე უნდა დაიწყოს", - განმარტა კუკავამ.
მისივე თქმით, საქმეში ცვლილებები არ არის _ არც გაჩეჩილაძეს დაუფარავს ბანკის წინაშე არსებული დავალიანება, რის გამოც ბარნოვის ქუჩა 144-ში მდებარე მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს და არც "ტაო პრივატ-ბანსა" და მას შორის მომხდარა რაიმე შეთანხმება.
"შესაბამისად, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდება, მას და მის ოჯახს აღნიშნული ბინიდან გამოსახლება არ ემუქრებათ. აუქციონიც სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ გამოცხადდება", - განმარტა კუკავამ.
შეგახსენებთ, რომ სულ 2005-2009 წლებში გაჩეჩილაძეების ოჯახის მიერ აღებულია შემდეგი სასესხო ვალდებულებები: შვედეთის მოქალაქე ფრედერიკ პოლსენისგან 2007 წელს, ძირითადი თანხა 2.000.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - ქ. თბილისი, ქობულეთის ქუჩა .. მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 2.390.000 აშშ დოლარს; სს „ტაო პრივატ ბანკისგან" 2009 წლის 12 იანვარს, ძირითადი თანხა 160.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - ქ. თბილისი, ბარნოვის ქუჩა 144, ბ. 51; მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 203.431,78 აშშ დოლარს (საქმეზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლში. სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდგომში უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდება გაჩეჩილაძეების კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია); „თი ბი სი ბანკისგან" 2005 წელს, ძირითადი თანხა 300.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, ... ქუჩა .. მესაკუთრე: ნინო მიქელაძე (ლევან გაჩეჩილაძის მეუღლე). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 499.000 აშშ დოლარს; „თი ბი სი ბანკისგან" 2005 წელს, ძირითადი თანხა 200.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, ... ქუჩა .. მესაკუთრე: ნინო ძიძავა (გია გაჩეჩილაძის მეუღლე). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - ... აშშ დოლარს.