"ატლანტიკის საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ ვილსონის შეფასებით, რუსეთს ევროპული უსაფრთხოების პრინციპების შეცვლა და მე-19 საუკუნის გავლენის სფეროების გამყარება სურს.
ამის შესახებ დეიმონ ვილსონმა აშშ-ის კონგრესის ცენტრში განაცხადა, სადაც ექსპერტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
"ჯერ იყო პასპორტიზაცია და მედვედევის დოქტრინა, რომ დაეცვა საკუთარი მოქალაქეები მისი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. ახლა კი ასეთი რეალობა გვაქვს: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მილიტარიზაცია. რუსეთის ხელმძღვანელობას სურს შეცვალოს ევროპული უსაფრთხოება და პრინციპები და მე-19 საუკუნის ძალთა ბალანსი და გავლენის სფეროები გაამყაროს", - განაცხადა "ატლანტიკის საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, რუსეთმა საქართველოში შეჭრით ევროპის უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაარღვია.
"პუტინს ამით დასავლეთისკენ, ნატოსა და ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვის შეჩერება სურდა", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის ცენტრის ექსპერტებმა 80-გვერდიანი დოკუმენტი შეიმუშავეს.
დოკუმენტში საქართველოში არსებული კონფლიქტების გადაჭრის გზებსა და იმ როლზეა საუბარი, რომელიც ამ პროცესში შეერთებული შტატების პოლიტიკამ უნდა შეასრულოს.