პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენების აკრძალვაზე საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებას ეხმაურება.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მაჭარაშვილმა განაცხადა, „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას.
მაჭარაშვილის თქმით, ყველა თანხმდება, რომ, ეკოლოგიური თვალსაზრისით, პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა, შესწავლილ იქნას ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები.
დეპუტატი მიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული.
„საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებით ამა წლის პირველი ივლისიდან სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებს აეკრძალებათ სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით. ამავე დადგენილებით, 2027 წლის პირველი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე გაყიდვა. გამონაკლისია მხოლოდ სამ ლიტრზე მეტი მოცულობის წყალი და 20 ლიტრზე მეტი მოცულობის სხვა სასმელები, რომელიც აკრძალვას არ ექვემდებარება. პარალელურად აიკრძალება ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი. კარგად გვესმის, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით, პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა, შესწავლილ იქნას ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები და სწორად დაიგეგმოს ცვლილებები. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული. ეს რეგულაცია, ფაქტობრივად, აიძულებს საზოგადოებას, მოუმზადებლად გადავიდეს მინის ბოთლების მოხმარებასა და ჩამოსასხმელ პროდუქციაზე. ასეთი წინდაუხედავი გადაწყვეტილება გამოიწვევს: პროდუქციის თვითღირებულების (დიდი ალბათობით) 20-დან 50 პროცენტამდე ზრდას; პროდუქციის არჩევანის შემცირებას; ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას; სამუშაო ადგილების დაკარგვას. მომხმარებელთან ერთად, დაზარალდებიან დისტრიბუტორები, მცირე იმპორტიორები და მეწარმეები. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს: ქვეყანაში გადამუშავების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა; ალტერნატიული შეფუთვის განვითარება; 3. სუფსიდიები ბიზნესებისთვის; წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება ეკონომიკური შოკის ეფექტი. ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებისათვის საჭიროა: აკრძალვის ნაცვლად სისტემა გავხადოთ მართვადი – მთავარი პრობლემა არა პლასტმასი არამედ მისი მართვაა; შევქმნათ გადამუშავების ინფრასტრუქტურა; შემოღებულ იქნას დეპოზიტური სისტემა, რაც ევროპაში აპრობირებული მეთოდია. აქედან გამომდინარე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.