ოფიციალური თბილისი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთში მიმდინარე "სახიფათო, ანტიდემოკრატიული ტენდენციების" გამო რუსეთის ხელისუფლებაზე ზემოქმედებისკენ მოუწოდებს.
ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ხამოვნიკის რაიონული სასამართლოს პრესატაშესა და მოსამართლის თანაშემწის ნატალია ვასილიევას მიერ ინტერნეტ-გამოცემა "გაზეტა.რუ"-თვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ის აცხადებს, რომ "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკისა და "მენატეპის" ყოფილი ხელმძღვანელის პლატონ ლებედევის განაჩენი სინამდვილეში მოსკოვის საქალაქო სასამართლოში იყო დაწერილი და ხამოვნიკის რაიონის მოსამართლემ ვიქტორ დანილკინმა ის "მხოლოდ წაიკითხა".
"აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთში ადგილი აქვს კანონიერებისა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, რის შესახებაც არაერთხელ განაცხადეს საერთაშორისო, მათ შორის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალმა სახელმწიფომ... საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებას გაამახვილოს ყურადღება რუსეთში მიმდინარე სახიფათო, ანტიდემოკრატიული ტენდენციების მიმართ და მოახდინოს შესაბამისი ზემოქმედება რუსეთის ხელისუფლებაზე, რათა ამ უკანასკნელმა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, ოფიციალური თბილისის შეფასებით, "რეპრესიული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის შიგნით ლოგიკურად გადაზრდილია აგრესიულ პოლიტიკაში რუსეთის საზღვრებს გარეთ, რისი მსხვერპლიც გახდა საქართველო".