რესპუბლიკური პარტია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რესპუბლიკური პარტიიდან აცნობეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რესპუბლიკური პარტია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უმნიშვნელოვანეს ზეპარტიულ, სახელმწიფოებრივ დოკუმენტად თვლის და მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მის შემუშავებაში.
"ჩვენი აზრით, ამ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ და შევინარჩუნოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ თავისუფალ და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას და ქვეყანას დაიცავენ სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმებისაგან", - აცხადებენ რესპუბლიკელები.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა გუშინ პარლამენტში გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ.
კონცეფციის განახლებაზე მუშაობა კი პარლამენტში პარასკევს კომიტეტების ფორმატში დაიწყება. მასში მონაწილეობის მიღება არასაპარლამენტო ოპოზიციასაც შეუძლია.