პარტია "საქართველოს გზას" ახალი თავმჯდომარე კახა სეთურიძე ჰყავს. ეს გადაწყვეტილება დღეს კინოს სახლში გამართულ პარტია "საქართველოს გზის" ყრილობაზე მიიღეს, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარის გარდა, პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს.
ყრილობაზე პარტია "საქართველოს გზის" საპატიო ლიდერად სალომე ზურაბიშვილი დასახელდა.
"საქართველოს გზის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნათელა მაჭავარიანმა პარტიის წევრებისადმი სალომე ზურაბიშვილის მიმართვა წაიკითხა.
ქართული პოლიტიკიდან დროებით განშორებას სალომე ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
"დროა საზოგადოება დეპრესიული, უიმედო სიტუაციიდან გამოვიდეს. ამისათვის საჭიროა დაინახოს ძალა, მართლაც მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ბედის გადასაწყვეტად,"_აღნიშნავს ზურაბიშვილი.
ამასთან, იგი იმედოვნებს, რომ "საქართველოს გზა" კვლავინდებურად პრინციპულობის, სიმართლისა და ეროვნულობის მაგალითი იქნება.
როგორც "საქართველოს გზის" ახალმა თავმჯდომარემ კახა სეთურიძემ აღნიშნა, დღეს ყოველ ნაბიჯზე ირღვევა ადამიანის უფლებები, ფიქციად გადაიქცა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიცაა, კონსტიტუცია და სასამართლო. პარალიზებულია სოციალური გარანტიების სისტემები. შრომითი მოწყობა, განათლება, სამედიცინო მომსახურება. დახურულია თავისუფალი მედია სივრცე, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას.
მასალის გამოყენების პირობები