"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს სპეციალური ამანათი გაუგზავნეს.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა სულხან ღლონტმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ამანათი საქართველოში იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცისგან შედგებოდა.
მისი თქმით, საქართველოში ბაზრის 80 % იმპორტირებული პროდუქციისგან შედგება.
"ეს არის პროდუქცია, რომლის ექსპორტიც საქართველოს თითონ შეუძლია. ამ ამანათით გვინდა დავანახოთ პრემიერს, რომ სოფლის მეურნეობა არასწორ გზას ადგას და რომელიმე პროდუქციის იმპორტირება არ შეიძლება მაშინ, როდესაც არსებობს რესურსი, რომ პირიქით, საქართველოდან განხორციელდეს ექსპორტი. მთავრობას არ გააჩნია პოტენციალი და გეგმა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა განავითაროს. მათ სტრატეგიაც კი არ აქვთ სოფლის განვითარების", - განაცხადა ღლონტმა.
ღლონტის თქმით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" შიდა ქართლში წარადგინეს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა და ამ პროგრამის წარდგენას მთელ საქართველოში აპირებენ.