საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთის, როგორც მტრის, განსაზღვრა, არ მოხდება.
"ზოგადად, უსაფრთხოების კონცეფციები არასდროს განსაზღვრავენ კონკრეტულ ქვეყნებს, როგორც მტრებს. მასში არის საუბარი გლობალურ საფრთხებზე და იმაზე, თუ რა სტრატეგია შეუძლია ქვეყანას მათ დასაძლევად დასახოს", - განუცხადა კალანდაძემ ჟურნალისტებს.
მისი შეფასებით, უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პირველადი ვარიანტი "ადეკვატურად ასახავს თეორიულად მოსალოდნელ საფრთხეებს".
"იმ პროექტში, რომელიც ვნახეთ, ადეკვატურადაა ასახული ის საფრთხეები, რომლებიც რეალურად არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მასში კარგადაა ჩამოყალიბებული ის გეგმაც, თუ როგორ შეიძლება მის მიმართ საქართველო თავდაცვისუნარიანი იყოს და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა მიმართოს სამთავრობო საქმიანობამ, რომ ეს საფრთხეები იქნას მინიმალიზებული", - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭო საქართველოს უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობს.