საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოელ ელჩებს საქართველოს საგარეო უწყების პრიორიტეტები და მიმდინარე წლის სამუშაო გეგმა გააცნო.
"ამასთან, ბევრი შეკითხვა დაისვა რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში", - განმარტა ვაშაძემ.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მან დიპლომატიურ კორპუსს სთხოვა, მათ დედაქალაქებს რაც შეიძლება ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
"ელჩებს კარგად ესმით, რომ არ შეიძლება საქართველოდან მხოლოდ ინფორმაციის მწირი ულუფების გაგზავნა მათ დედაქალაქებში, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან რუსეთის ფედერაციის მთავარი ამოცანა დღეს არის სწორედ ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიექცეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ელჩებს ვუთხარი და რომ მაქსიმალურად მიქციონ ყურადღება რაც ხდება ამ რეგიონებში და ვთხოვე მაქსიმალურად შეაწოხონ დედაქალაქები, რათა მყისიერი რეაქცია ჰქონდეთ იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - განმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველო მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა მოსკოვს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოში მან დანაშაული ჩაიდინა, რომლის ქართული მხრიდან გამოსწორებაც შესაბამისი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმით მოხდება.