საქართველოს ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს ექნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობა კომიტეტებში მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყება და სავარაუდოდ ერთ თვეში დოკუმენტს უშიშროების საბჭოს გადაუგზავნით დასამტკიცებლად, რომელიც ჩვენს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით და პრეზიდენტის ხელმოწერით ისევ უკან დაგვიბრუნდება პარლამენტში განსახილველად და კვლავ თავიდან დაიწყება საკომიტეტო მოსმენებზე მისი განხილვა", - განმარტა ბაქრაძემ და აქვე დასძინა, რომ დოკუმენტი საბოლოო სახით სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს მიიღება.
ამასთან, ბაქრაძის თქმით, განხილვაში ნდობის ჯგუფის ჩართვაც მოხდება, რადგან საფრთხეების შეფასების დოკუმენტს აქვს მნიშვნელოვანი საიდუმლო ნაწილი, სადაც კონკრეტულ რისკებზე და საფრთხეებზე საუბარი.
"საფრთხეების შეფასების დოკუმენტი დეტალურად განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგომ საფრთხეებს, დაწყებული ფიზიკური საფრთხიდან, რომელიც უკავშირდება რუსულ ოკუპაციას და დასრულებული კიბერ და ეკოლოგიურ საფრთხეებს. ეს არის ყოვლისმომცველი ჩამონათვალი ყველა იმ საფრთხეების, რომელიც ქვეყნის წინაშე შეიძლება იდგეს. სწორედ ეს დოკუმენტი იქნება ამოსავალი ეროვნული კონცეფციისა, რომელშიც საფრთხეებზე რეაგირების მექანიზმებისა და სტრატეგიის შემუშავება მოხდება, ეს კი ქვეყნის წინაშე მდგომი საფრთხეების და პრობლემების გაუნებელყოფაში დაგვეხმარება", - განაცხადა ბაქრაძემ.