ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის განხილვაში არასაპარლამენტო ოპოზიციასაც შეუძლია ჩაერთოს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი დოკუმენტის განხილვაში მისი მომზადების პერიოდში ჩაერთვება და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია პარლამენტთან და მასში მყოფ პოლიტიკურ ძალებთან თავიდანვე იქნება შეთანხმებული", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კარგი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რაც დოკუმენტის განხილვაში ყველა პოლიტიკურ ძალის ჩართვას გულისხმობს.
"პოლიტიკურ პარტიას საშუალება მიეცემათ თავიდანვე ჩაერთოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში და არ მიიღოს უკვე გამზადებული დოკუმენტი, რომელსაც დაეთანხმება ან არ დაეთანხმება. ამასთან, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ საკომიტეტო მოსმენებზე დოკუმენტის განხილვაში ჩართვა არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსაც შეეძლებათ", - განმარტა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დოკუმენტის განხილვა მიმდინარე კვირას, 18 თებერვალს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაიმართება.