ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის მთავარი ამოცანა საფრთხის გასანეიტრალებლად პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრაა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის მთავარი ამოცანა არის, განსაზღვროს პოლიტიკის ის პრიორიტეტები, რომელიც გატარდება საფრთხეების გასანეიტრალებლად. იმ საფრთხეებისა, რომელიც დღევანდელ რეალობაში საქართველოს წინაშე დგას. ეს არის, როგორც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, რუსეთის ფაქტორი, ასევე სხვადასხვა გამოწვევები, რომელიც რეგიონში, ასევე გლობალურადაც დგას", - აღნიშნა ქუთელიამ და აქვე აღნიშნა, რომ დოკუმენტში მთავარი აქცენტები იმ მეთოდებზე გაკეთდება, რომლითაც უნდა მოხდეს საფრთხეების განეიტრალება.
მისივე განმარტებით, საფრთხეების განეიტრალებისთვის არსებობს რამდენიმე მეთოდის კომბინაცია - ეროვნული რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, საერთაშორისო რესურსები, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი ზომები, რომლითაც ხდება პოტენციური თუ არსებული საფრთხეების და გამოწვევების განეიტრალება.
"რაც შეეხება კონკრეტულ საფრთხეებს, ეს საფრთხეების მიმოხილვის დოკუმენტში აისახება, რომელიც ცალკე მუშავდება და მისი შემუშავების პროცესში პარლამენტი აქტიურად იქნება ჩართული", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
ქუთელიას განმარტებით, კონცეფციის პირველი მონახაზი უკვე მზად არის და ახლა მისი განხილვის პროცესში საპარლამენტო უმცირესობა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ფართო ფენები ჩაერთვება, ხოლო მათ მიერ გამოთქმული შენიშვნების შემდეგ მოხდება დოკუმენტის დამტკიცება.