"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში სოციალური და ეკონომიკური რისკების გაწერას ითხოვს.
ამის შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ დღეს, პარლამენტში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
"ეროვნულ-დემოკრატები გარდა საგარეო საფრთხეებისა და იმ რისკებისა, რომელიც ამ სექტორთან არის დაკავშირებული, არანაკლებ მნიშვნელოვნად ვთლით ქვეყნის საშინაო საფრთხეებს და რისკებს, რომელიც სოციალური და ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით არსებობს და მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტში უნდა აისახოს", - აღნიშნა ჩახვაძემ.
დეპუტატის შეფასებით, აუცილებელია უსაფრთხოების კონცეფციაში სოციალურ სექტორის და ჯანდაცვის რეფორმის აუცილებლობის ასახვა, რათა საქართველოს მოსახლეობა ისეთი სოციალური რისკებისგან იყოს დაცული, როგორც არის უმუშევრობა, ჯანმრთელობა და ეკონომიკისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ამ წუთებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები ხვდებიან, სადაც ეროვნული უშიშროების კონცეფციის განახლებაზე სამუშაო პროცესის დაწყების საკითხებს განიხილავენ.