საქართველოს უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებს დაეთმობა.
ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, უსაფრთხოების კონფცეფციის გადახედვის გადაწყვეტილება სწორედ იმ მიზეზის გამო მიიღეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა.
"2005 წელს მიღებულ ქვეყნის უსაფრთხოების დოკუმენტი პირდაპირ არ არის ნათქვამი იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც საქართველოს რუსეთისა და მისი პოლიტიკის მიერ ემუქრება. ამის პირდაპირ დასახელება არ მომდარა იმ იმედით, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიცვლებოდა და შესაძლებელი იქნებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე მაშინაც აქტიურად იდგა. თუმცა 2008 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა საქართველოს წინაღმდეგ ღია აგრესია განახორციელა, ცალსახა და აუცილებელი გახდა კონცეფციაში ამ საფრთხეების ასახვა მომხდარიყო", - განმარტა ტყეშელაშვილმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვას "ძალიან საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს".
მისი განცხადებით, ახალი კონცეფცია "ფუნდამენტურად შეცვლილი სახით უნდა ჩამოყალიბდეს".
ამასთან ეკა ტყეშელაშვილის განმარტებით, რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეების გარდა უსაფრთხოების კონცეფციაში სხვა - მათ შორის ტერორიზმსა და გლობალური ტიპის ტერორიზმი და გლობალური ტიპის საფრთხეებიც აისახება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობაში უკვე მიღებულია.
დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებამ ბოლოს 2005 წელს შეიმუშავა.