ქართველმა დეპუტატებმა ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციისა და უკრაინის რადას წარმომადგენლებს საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.
"საქართველოსა და უკრაინას შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინელ კოლეგები საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესასწავლად ჩამოვიდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმები რამდენად წარმატებულია", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები განიხილეს.
პარლამენტში ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციისა და უკრაინის რადას წარმომადგენლებთან შეხვედრაში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.