ცნობილმა მოჭადრაკემ და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გარი კასპაროვმა თბილისის "თავისუფალი უნივერსიტეტის" აუდიტორიაში გამოსვლისას რუსეთში არსებული პოლიტიკური სიტუაცია შეაფასა.
კასპაროვის თქმით, რუსეთში სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ პუტინის ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყანას დაღუპვამდე მიიყვანს. ქართულ-რუსული ურთიერთობები კი პუტინის ხელისუფლებაში ყოფნამდე ჩიხში აღმოჩნდება. შესაბამისად, ამ პირობებში ვერც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდება.
"პუტინისთვის აფხაზეთის ანექსია სოჭში საკუთარი ბაზების განლაგების უმთავრესი ფაქტორია, სადაც იგი თავისებურ ახალ "პუტინგრადს" აშენებს. აფხზაზეთი რუსული პოლიტიკის პოლიტიკური ბუფერია,"_მიიჩნევს კასპაროვი.
"საქართველოში მოწვევამ ძალიან გამახარა და სიამოვნებით დავთანხმდი. ამასთან დაკავშირებით კრემლის პოზიცია დიდი ხანია აღარ მაღელვებს. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა, აქ უამრავი მეგობარი მყავს და რუსეთის არასწორი პოლიტიკის გამო საქართველოზე უარს ვერ ვიტყვი. თუკი კრემლს საქართველოში ჩემი ვიზიტის გამო რაიმე პრეტენზია ექნება, ეს კრემლის პრობლემა იქნება და არა ჩემი",_აღნიშნა კასპაროვმა.
შეგახსენებთ, გარი კასპაროვი თბილისში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება. იგი ლექციას წაიკითხავს თემაზე "21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური გამოწვევები". ამასთან, გარი კასპაროვი შახმატის ფედერაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.