ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იურიდიულად ჯერაც არ მომხდარა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ IRIS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს გამარჯვებად წარმოაჩენს, თუმცა რუსეთმა ფაქტობრივად ვერ შესძლო მხარდაჭერის მიღწევა ოსების და აფხაზების აღიარების საქმეში, თუ არ ჩავთვლით ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს. ამ სამ შემთხვევაშიც 2010 წლის დასასრულისთვისაც კი აღიარების იურიდიული პროცედურა ვერ დასრულდა", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ამასთან, ამერიკის საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორ პიერ ვერლიუზთან საუბრისას ის პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო ქვეყნის გაერთიანებისთვის ცალმხრივად ძალას არ გამოიყენებს და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებული ეს დაპირება ძალაშია.
"ჩვენ რუსეთის მხრიდან ველოდებით ანალოგიურ ვალდებულებას. ყველა შემთხვევაში, საქართველო აგრესიული სახელმწიფო არ არის: ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებში ყველაზე მცირეა. საქართველოს სურს რუსეთთან დიალოგის წარმოება მიუხედავად ადგილისა, დროისა და რანგისა. საქართველო ამბობდა და იმეორებს, რომ მზადაა რუსეთთან აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაციის საკითხის განსახილველად", - განმარტავს თორნიკე გორდაძე.