"თუკი ძალიან ყურადღებით არ ვიქნებით, ჩვენი ეკონომიკა შეიძლება დაინგრეს... მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დიდ რისკებზე წასასვლელად, თუკი ევროკავშირისგან გაწევრიანებაზე თანხმობას მივიღებთ, თუნდაც ეს გაწევრიანება სწრაფი არ იყოს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ IRIS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების დაწყებას უამრავი პოზიტიური შედეგი მოჰყვება, თუმცა აუცილებელია პოტენციური სირთულეების გათვალისწინებაც. ჩვენ ვშიშობთ, რომ ჩვენი შრომის კანონმდებლობისა და სოფლის მეურნეობის გათვალისწინებით, რომელსაც დღეს უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს თურქეთი, თუ ძალიან ყურადღებით არ ვიქნებით, ჩვენი ეკონომიკა შეიძლება დაინგრეს. ასეთ შემთხვევაში, როგორ გავზარდოთ ევროპული იდეების პოპულარობა ქართველებში? მიუხედავად ამისა ჩვენ მზად ვიქნებით დიდ რისკებზე წასასვლელად, თუკი ევროკავშირისგან გაწევრიანებაზე თანხმობას მივიღებთ, თუნდაც ეს გაწევრიანება სწრაფი არ იყოს", - აცხადებს გორდაძე ინტერვიუში, რომლის ქართულ თარგმანსაც Fორეიგნპრესს-ი აქვეყნებს.
მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხის დაყენებამდე "ქვეყანაში ერთიანი ევროპის მიღწევათა მაქსიმალურ რეალიზაციას" ურჩევს.
"ჯერ-ჯერობით გვეუბნებიან: "მოახდინეთ თქვენს ქვეყანაში ერთიანი ევროპის მიღწევათა მაქსიმალური რეალიზაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანება გარანტირებული გაქვთ". ამავდროულად საქართველოს მთავრობა მიდის სოციალურ და შესაბამისად პოლიტიკურ რისკებზე. ჩვენს ქმედებებს თავისი ფასი აქვს, რომელთა გადახდაც 2013 წელს მოგვიწევს. ბალტიის ქვეყნებმა სირთულეების მიუხედავად საზოგადოებაში ლიბერალური განწყობები შეინარჩუნეს, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ამას? დანის წვერზე დავდივართ", - განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.