პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.
როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხეო საქართველოს-ევროკავშირის ურთიერთობებს.
"ვისაუბრეთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მოლაპარაკების დაწყებაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ცოტა ხნის წინ გაფორმებული სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიის შესახებ. ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების სამუშაო პროცესზე", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა იმით, თუ როგორ ხედავს ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს და რა შეხედულება აქვს ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური მოვლენებზე.