ნატო მიესალმება საქართველოს მისწრაფებებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. ამის შესახებ რადიო "ეხო მასკვისთან" ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ნატოში გაწვრიანების პროცესისთვის აუცილებელი დემოკრატიული ცვლილებები წარმატებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში. როგორც აპატურაიმ განაცხადა, მთავარი პრობლემა არის რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარების ფაქტი და არა ის თუ რომელმა მხარემ დაიწყო ომი სამი წლის წინ.
"რომ შემეძლოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ზუსტი ვადის თქმა, ამით დავარღვევდი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პრინციპებს. ეს გარკვეულ პირობებზე დამყარებული პროცესია. ამისთვის ქვეყანა გარკვეულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო თუ ადამიანის უფლებათა კუთხით. ნატოს ყველა პარტნიორ ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც გარკვეული რეფორმების გატარება ევალებათ. საქართველომ ნატოს სულ ახლახან წარუდგინა რეფორმების ყოველწლიური გეგმა, რომელიც მოიცავს ძალოვან სტრუქტურებში დემოკრატიული პროცესის გაუმჯობესებას და კორუფციასთან ბრძოლას, რომელსაც ქვეყანა ჯერ-ჯერობით წარმატებით ახორციელებს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან ამ პროცესებში თანამშრომლობას", - განაცხადა აპატურაიმ.
აპატურაის განცხადებით, საქართველო ნატოსგან იარაღს არ ყიდულობს, თუმცა მის პარტნიორ ქვეყნებს სრული უფლება აქვთ საქართველოს იარაღი მიყიდონ.
"ნატო არავის შეიარაღებაში არ მონაწილეობს, ის არაა იარაღით მოვაჭრე ორგანიზაცია, მაგრამ მის პარტნიორებს ამის უფლება აქვთ, ოღონდ რათქმაუნდა საერთაშორისო ნორმების ფარგლებში. როგორც ვიცი საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგო არაა დაწესებული. არ ვფლობ ინფორმაციას თუ ვისგან ყიდულობს საქართველო იარაღს, მაგრამ თუ ეს ხდება სრულიად ლეგალურ პროცესთან გვქონია სადმე", - აღნიშნავს აპატურაი.