"უნივერსამის" დამფუძნებელ იოსებ ღუდუშაურის განმარტებით, პირველად საქონელზე ფასები თბილისში უბნების მიხედვით განსხვავდება. მან "ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა უბანში მომხმარებელს განსხვავებული ქცევა აქვს და ქსელებს მათზე მორგება სჭირდებათ.
"უბნების მიხედვით განსხვავდება ფასები ჩვენს შემთხვევაში, ვაკის განმავლობაში საიჯარო ქირა 6%-ს სცდება, ხოლო გლდანი-ნაძალადევის შემთხვევაში, 2.5-3%-მდეა ფასთა შორის სხვაობა. მე სულ 3% მაქვს მოგება და, თემქის ფასი რომ დავადო ვაკეში, გამოდის რომ წაგებაში ვარ.
პირველადი მოხმარების საქონელი სხვადასხვა უბანში არის სხვადასხვა. თუ ერთ უბანში იყიდება 5-ლარიანი ზეთი აქციაში, მეორე უბანში "ავედოვი" იყიდება 8 ლარად, ასევე აქციაში. ყველაზე იაფი პროდუქტი რომ ავიღოთ, თემქასა და ვაკეში (ორივეგან მაქვს ობიექტი), თემქაზე შაქარზე ყველა 5-თეთრიანი განსხვავება სენსიტიურად მოქმედებს, ხოლო ვაკეში - არა. ვაკეში შაქარი არ აინტერესებს მომხმარებლის 80%-ს, 20% უყურებს შაქრის ფასს. შაქარს აქვს ყველაზე მაღალი გაყიდვა და იმიტომ ვაპელირებთ შაქარზე. სხვადასხვა უბანში სხვადასხვაა მოთხოვნა პირველად საქონელზე. შესაბამისად, ზოგ უბანში არ ვაპელირებთ შაქრის ფასზე და უკვე სხვა რამეზე ვაკეთებთ აქცენტს, რაც იმ მომხმარებლისთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც იქ შემოდის", - თქვა იოსებ ღუდუშაურმა. [BM.GE]
ცნობისთვის, ფასების საპარლამენტო კომისია საცალო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა.