„ოცნება“ ანტიდემოკრატიულ კანონებს როდესაც იღებს, ავტორიტარიზმს ამძიმებს, ადამიანის უფლებებს ზღუდავს და კანონის უზენაესობას არ იცავს, ეს შეიძლება იყოს აღქმული რუსეთის საქმის კეთებად, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძეს კითხვა დაუსვეს გაფართოების საკითხებში ევროკომისარის მარტა კოსის განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია: „კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს“.
„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვოს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი გადავარჩინოთ. ეს წყდება საქართველოში, აქ და ახლა. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგას. „ოცნებასთან“ ასეთ წინააღმდეგობრივ ბრძოლაში იმიტომ ვართ, რომ არ მივცეთ საშუალება, საქართველოს ევროპული მომავალი ბოლომდე დააზიანოს. ამის მცდელობები „ოცნებას“ აქვს, რადგან ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად სურს. „ოცნებამ“ კარგად იცის, რომ ევროპული დემოკრატიის, ევროპული სასამართლოს და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების პირობებში, მათ ძალაუფლების დაკარგვის სერიოზული საფრთხე შეექმნებათ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს კურსი შეცვალონ. ჩვენ აქ ვართ, რადგან ამის საშუალება არ მივცეთ. „რუსეთი იმარჯვებს“ სავარაუდოდ იქიდან გამომდინარეა, რომ ამის საშუალებას თავად „ოცნება“ აძლევს. სავარაუდოდ ეს მინიშნებაა. ამდენი წელი იმისთვის არ გვიბრძოლია და არ გვიშრომია, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს. „ოცნება“ ანტიდემოკრატიულ კანონებს როდესაც იღებს, ავტორიტარიზმს ამძიმებს, ადამიანის უფლებებს ზღუდავს და კანონის უზენაესობას არ იცავს, ეს შეიძლება იყოს აღქმული რუსეთის საქმის კეთებად. „ოცნებას“ თავისი ინტერესი და პოლიტიკური მოტივაცია აქვს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. მისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას ჩვენი ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებთ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.