დღეს, 15 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ელოდებიან.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, ბოკერიასთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობის დაწყებაზე იმსჯელებენ.
საკითხის ინიცირების შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტებში და ფრაქციების დონეზე მოხდება და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს შეეძლება.
"აუცილებელია პარლამენტმა შეასრულოს ერთ-ერთი ძირითადი როლი მთელი ამ კონცეფციის გადასინჯვისა და განახლების პროცესში. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ეს არ არის ერთი უწყების დოკუმენტი. ეს არის მთელი ქვეყნის დოკუმენტი, რომელთა დაკავშირებითაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალების კონსესნუსი და თანხმობა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე.