პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს დებატებში მონაწილე დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გამომსვლელს, ყველა პარტიის, ფრაქციის წარმომადგენელს, რომელმაც დებატებში მონაწილეობა მიიღო. ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე აქტიური დებატები, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონია პარლამენტში", - აღნიშნა ბაქრაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.
მისი შეფასებით, ეს იყო დებატები, რომელსაც თან ახლდა ფუნდამენტური ხედვა, გრძელვადიანი პროგნოზები, პრობლემების აღწერა და ემოციები.
"ვფიქრობ, საბოლოო ჯამში საზოგადოებამ მიიღო კარგი სურათი, რომელი პოლიტიკური ძალა რა პოზიციაზეა, როგორ ხედავს პრობლემებს და მის გადაწყვეტის გზას", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, რის შემდეგაც სხდომა დებატების ფორმატით გაგრძელდა.