თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი უკვე 4 წელია ხორციელდება. ტბის მიმდებარე ტერიტორია და მასთან მისასვლელი გზები გაიწმინდა.
გიგი უგულავას თქმით, რამდენიმე წლის წინ ეს ტბა, ფაქტობრივად, საძოვარი იყო. გლდანის ნაგავსაყრელის გაუქმებამ და მისმა უტილიზაციამ შესაძლებელი გახადა ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება.
ამ ეტაპზე დასასვენებელ კომპლექსში ვილების მშენებლობა და ტბის ირგვლივ ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, სადაც პალმებისა და ბამბუკის ხეივანი გაშენდება. გაზაფხულიდან კი ექსპლუატაციაში შევა ღია კაფეები, ბუნგალოები და სხვა გასართობი ცენტრები. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ტბაზე ნავებით გაისერნონ და ბულვარის ხედებით დატკბნენ. იგეგმება ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილის აშენება.
ტერიტორიის განვითრების გეგმაზე პროფესიონალი არქიტექტორები და დიზაინერები მუშაობენ. სამუშაოებზე ამ ეტაპზე 135 ადამიანია დასაქმებული. პროექტის მიხედვით, ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე ზონად იყოფა: ღია რეკრეაციული დასასვენებელი ზონა კომფორტულ პლაჟს, ღია კაფეებსა და ბუნგალოებს მოიცავს. ამავე ზონაშია დაგეგმილი ბავშვთა გასართობი ცენტრისა და კინოთეატრის მშენებლობა. საზოგადოებრივ ზონაში თანამედროვე დასასვენებელ-გასართობი კომპლექსი აშენდება: „თეთრი ივენთ ჰოლი", სადაც მასშტაბური წვეულებების გამართვა იქნება შესაძლებელი.
პროექტის მიხედვით, გლდანის იგივე „თეთრი ტბის" მეორე მხარეს, საზოგადოებრივი ზონის მოპირდაპირედ, საცხოვრებელი ზონა გაშენდება.
გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები 2013 წელს დასრულდება.