"ქრისტიან-დემოკრატები" მთავრობისგან სოფლის მეურნეობისთვის დამატებით 150 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ.
როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მოხსენებაში და შემდეგ დებატებშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობის განვითარებას დაეთმო დღემდე, უცნობია საიდან აპირებს ხელისუფლება დამატებით 150 მილიონი ლარის მოტანას.
"პრეზიდენტი გამოვიდა ინიაციატივით, რომ მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობისთვის გამოიყოს 150 მილიონი ლარი, თუმცა ჯერჯერობით არც მის სიტყვაში და არც მთავრობის მიერ დამატებით გაკეთებულ განცხადებებში არ ვიცით ეს ფული საიდან მოვა ან როგორ დაიხარჯება, სოფლის მეურნეობის რომელი დარგის პრიორიტეტულების განსაზღვრებით", - აღნიშნა თარგამაძემ.
ამასთან, უმცირესობის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა პასუხისმგებლობას გამოიჩენს და პრეზიდენტის განცხადებას კონკრეტული აღწერა მოჰყვება.
"იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მალე შევა, იმედია გვაქვს მიმდინარე კვირას მთავრობა გამოიჩენს პასუხისმგებლობას და პრეზიდენტის ამ განცხადებს მოჰყვება კონკრეტული აღწერია იმ წინადადებებისა, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და დროულად დაამტკიცოს, რათა სოფლის მეურნეობის გამოსწორებას ეტაპობრივად მივაღწიოთ", - აღნიშნა თარგამაძემ.