საპარლამენტო უმცირესობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების პროცესის დაჩქარებას მიესალმება.
ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
"საზოგადოებას ახსოვს პარლამენტის მხრიდან მოწოდებები, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავებას შეეხებოდა. ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები და წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში არაერთხელ შევიკრიბეთ, სადაც მივიღეთ პირველადი ინფორმაცია იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რომლის გამოყენებითაც მოხდებოდა ახალი უსაფრთხოების კონცეფციის მომზადება", - აღნიშნა თარგამაძემ.
ამასთან, უმცირესობის ლიდერმა კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა.
"კარგია, რომ ამ პროცესმა გარკვეული სახე და ფორმა შეიძინა. ვაპირებთ აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ერთი რომელიმე სტრუქტურის, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის უსაფრთხოების კონცეფცია, არამდე ეს არის მთელი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც თან მოჰყვება რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავება ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების სისტემებისთვის. ამ პროცესის დაჩქარებას მივესალმებით", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.