ხვალ პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობა დაიწყება.
ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"კონსულტაციები მქონდა ეროვნული საბჭოს მდივანთან და მისგან მივიღე ინფორმაცია, რომ აპირებენ დაიწყონ საქართველოს ეროვნული კონცეფციის განახლების პროცესი. ეს ბუნებრივი და აუცილებელია, რადგან უსაფრთხოების კონცეფცია არის ცოცხალი დოკუმენტი, რომლის განახლებაც უნდა მიმდინარეობდეს მუდმივ რეჟიმში ქვეყანაში არსებული სიტუაციის და მის გარშემო არსებული საფრთხეების გათვალისწინებით", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ბოკერისთან საუბრის თემა იყო აღნიშნულ პროცესში პარლამენტის როლი და მონაწილეობა.
"მეც და ბოკერიაც ერთ აზრზე ვართ, რომ აუცილებელია პარლამენტმა შეასრულოს ერთ-ერთი ძირითადი როლი მთელი ამ კონცეფციის გადასინჯვისა და განახლების პროცესში", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე.
ამასთან, ბაქრაძის თქმით, გიგა ბოკერია ხვალ უმცირესობის და უმრავლესობის წევრებს გააცნობს თავის ხედვებს, რის შემდეგაც პარლამენტი კომიტეტებისა და ფრაქციები დონეზე აქტიურად ჩაერთვება.
"ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ეს არ არის ერთი უწყების დოკუმენტი. ეს არის მთელი ქვეყნის დოკუმენტი, რომელთა დაკავშირებითაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალების კონსესნუსი და თანხმობა", - აღნიშნა ბაქრაძემ.