დღეს, ხაშურს ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი ესტუმრება.
პასლაუკასი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მამუკა მოსიაშვილთან და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატ სერგო ქიტიაშვილტან ერთად გამოფენას გახსნის, რომელსაც საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
გამოფენა ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 21 წლისთავთან დაკავშირებით ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში იმართება.
კვირეულის გახსნა დღეს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში "გზა თავისუფლებისაკენ" გამოფენით დაიწყება, სადაც გამოფენილი იქნება ლიტვის ამსახველი ფოტო-მასალა.
სტუმრები ხაშურის საქალაქო კულტურის სახლში "სიყვარულის დღესთან" დაკავშირებულ კონცერტსაც დაესწრებიან, რომელიც ხაშურელი ახალგაზრდებისათვის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივივითა და დაფინანსებით ტარდება.
ლიტვის საელჩოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ ხნის მანძილზე ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში გაიხსნა უფასო ინტერნეტცენტრი, სურამისა და ტაშისკრის ბავშვთა სახლებში გახსნილია მინანქრის, გობელენისა და თექის დამუშავების ცენტრები, დაბა სურამში მოეწყო თანამდეროვე მოსაცდელი და ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრს საჩუქრად გადაეცა სხვადასხვა დასახელების ელექტრო-მუსიკალური ტექნიკა.