"თბილისში კავკასიური სოლიდარობა სულ უფრო მოდური ხდება", - ნათქვამია "ნიუ იორკ თაიმსის" სტატიაში, რომელშიც ჟურნალისტი ელენ ბარი ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეყრდნობა.
"კავკასიური სოლიდარობა თბილისში სულ უფრო მოდური ხდება. შარშან საქართველოს დედაქალაქმა ორ კონფერენციას უმასპინძლა თემაზე: რუსეთის მხრიდან ჩადენილი სისასტიკე ჩერქეზების, მეფის რუსეთის დროს რეგიონიდან დეპორტირებული ეთნიკური ჯგუფის მიმართ. ორგანიზაციამ, რომელიც დიდოელების, დაღესტნის პატარა ეთნიკური ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს, დეკემბერში საქართველოს პარლამენტს ქართულ იურისდიქციაში მიღების თხოვნით მიმართა", - ნათქვამია სტატიაში.
მასში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ ჩრდილოეთ კავკასიასთან, მათ შორის რუსეთის ისეთ რესპუბლიკებთან, როგორებიცაა დაღესტანი, ინგუშეთი და ჩეჩნეთი საქართველომ სავიზო რეჟიმი გაამარტივა, რაც ამ რესპუბლიკის მცხოვრებლებს 90 დღის განმავლობაში საქართველოში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.
"ქართველი ჩინოვნიკების თქმით, ამ წინადადაბის წყალობით მომდევნო სამი თვის განმავლობაში ქვეყანას 12, 000 ტურისტი ეწვევა, მათ შორის მრავალი მუსულმანი მომლოცველი, რომლებიც ჰაჯისთვის საცალფეხო მარშრუტს იყენებენ", - წერს "ნიუ იორკ თაიმსი".