საგარეო საქმეთა სამინისტრო სოჭის სანაპიროსთან ჩაძირულ გემზე ქართველი მეზღვაურების ყოფნას ადასტურებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, გემზე საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთაგან ორის გადარჩენა მოხერხდა, ერთს კი ზღვაში ამ დრომდე ეძებენ.
"გადარჩენილი მეზღვაურები სამშობლოში თურქეთის (სტამბულის) გავლით ჩამოვლენ. სხვა დამატებით ინფორმაციას მომხდარის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ ფლობს", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტანზანის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა კატასტროფა სოჭის სანაპიროსთან გუშინ განიცადა. სატვირთო გემი, სიძველის გამო, ძლიერი შტორმის შედეგად შუაზე გაიხლიჩა. გემის ეკიპაჟის წევრის, ქართველი როლანდ ბერიძისა და კიდევ ერთი მეზღვაურის ძებნა, უამინდობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ზაზა კეკელიძე და იმედა ქობულაძეEკი მაშველებმა ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.