დღეს, 12 თებერვალს, "სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ" ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში წინააღმდეგობის კომიტეტები დააფუძნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კრებიდან აცნობეს, ღონისძიებას "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრები ნონა გაფრინდაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, ირაკლი ბათიაშვილი, ლუკა კურტანიძე, გურამ ფირცხალავა და პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ესწრებოდნენ.
"სახალხო წარმომადგენლობითი კრების" წინააღმდეგობის ბათუმის კომიტეტის ხელმძღვანელად დიმიტრი ჭეიშვილი, ხელვაჩაურის კომიტეტის ხელმძღვანელად ციალა სურმანიძე, ქობულეთის კომიტეტის ხელმძღვანელად კი, რომან ჩხაიძე აირჩიეს.
ამასთან, სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ ბათუმში, აჭარის რეგიონის სათათბირო დარბაზიც დააფუძნა, რომელსაც ვახტანგ ახვლედიანი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს 26 წინააღმდეგობის კომიტეტი. "სახალხო წარმომადგენლობითი კრება" აღნიშნული კომიტეტების დაფუძნებას უახლოეს პერიოდში ქვეყნის ყველა რეგიონში გეგმავს.