საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თურქეთის კოლეგა მინისტრს ახმედ დავით ოღლუს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მხარეებმა განაცხადეს, მათ ორი ქვეყნის ურთიერთობების ხუთ მიმართულებაზე იმსჯელეს.
"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორ შეიძლება, რომ ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება კიდევ უფრო გავამარტივით და საზღვრის გადაკვეთა არა პასპორტით, არამედ პირადობის მოწმობების წარდგენის საფუძველზე იყოს შესაძლებელი. ვიმსჯელეთ ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტების გახსნაზე, ასევე ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებშიც ორივე ქვეყანა მონაწილეობს და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენის მუშაობის კოორდინირებაზე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თავის მხრივ დავუთ ოღლუმ განაცხადა, რომ ყველა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მათი მუშაობის შედეგებს მიმდინარე წლის ივნისში პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ერდოღანი ჩაიბარებენ.
შეგახსენებთ, რომ ახმედ დავუთ ოღლუ საქართველოს ორ-დღიანი ვიზიტით გუშინ ესტუმრა.