თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახმედ დავით ოღლუს განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციისთვის თურქეთის მთავრობა "ყველა სამუშაოს" შეასრულებს.
ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ახმედ დავით ოღლუმ ქართველ კოლეგა, გრიგოლ ვაშაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია და ის ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, ასევე ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა და ჩვენ მათი რესტავრაციისთვის ყველა სამუშაოს შევასრულებთ. ასევე, საქართველოში არსებული კულტურული ძეგლები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა. განსაკუთრებით ეს ეხება აჭარის რეგიონს და ბათუმს, სადაც ძალიან დიდია მუსულმანი მოსახლეობის რაოდენობა", - განაცხადა დავითოღლუმ.
მისივე თქმით, ტაძრების აღდგენა არის ორ ქვეყანას შორის პოზიტიური თანამშრომლობის ნიშანია და ეს ქვეყნებს შორის არა წინააღმდეგობის, არამედ ერთიანობის სფერო და გამაერთიანებელია.
თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გრიგოლ ვაშაძემაც გააკეთა. მისი თქმით, კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის თაობაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო.